X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ხობის სოფლებში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან

15 აგვისტო 2019

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა მოსახლეობას სოფელში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამას და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.

სოფელ ძველ ხიბულაში ფონდ ,,ქართუს" მიერ ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის და საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, სოფელში ასევე ხორციელდება წყლის, საგზაო ინფრასტრუქტურის და გაზიფიცირების სამუშაოები.

შეხვედრაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

ძველ ხიბულაში გამართული შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ახალ ხიბულასა და საჯიჯაოში შეხვდნენ. სადაც მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად შიდა გზების და წყალმომარგების პრობლემები დაასახელა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა ასევე მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა და პარლამენტის წევრებმა.